Friday, December 10, 2010

საქართველოში არსებული სოციალ-ეკონომიკური პირობები და მის ფონზე განვითარებული სტრესული სიტუაციები ალკოჰოლიზმის განვითარების საუკეთესო ფონს ქმნის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლიზმის გავრცელება უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც მევენახეობა და მეღვინეობაა განვითარებული და არსებობს ალკოჰოლური სასმელების მიღებისათვის ხელშემწყობი პირობა ტრადიციების სახით. ალკოჰოლიზმის განვითარების ხელშემწყობი პირობაა აგრეთვე მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდა და ქვეყნის ურბანიზაცია. ასევე ადამიანთა ურთიერთშეხვედრები, სტუმრობა, ზეიმები და მწუხარება, რომელიც ტრადიციულად ღვინით უნდა იქნას აღნიშნული.

ალკოჰოლიზმის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს ზნე-ჩვეულებანი და ალკოჰოლის მიღებისადმი საზოგადოებრივი აზრის დამოკიდებულება, მთავარი მიზეზია ალკოჰოლური სასმელების შედარებითი ხელმისაწვდომობაა; ხშირად ალკოჰოლიზმის განვითარების ხელშემწყობ მიზეზს წარმოადგენს ახალგაზრდების ზოგიერთ ნაწილში გავრცელებული აზრი, თითქოს ალკოჰოლური სასმელები, კერძოდ ღვინო და ლუდი განსაზღვრული რაოდენობით სასარგებლო შეიძლება იყოს ჯანმრთელობისათვის.

 ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში გავრცელებული შეხედულება იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება და თრობა ვაჟკაცობის მაჩვენებელია.

 ასევე დიდ როლს თამაშობს ალკოჰოლიზმის ჩამოყალიბებაში ოჯახური სიტუაცია, მშობელთა ალკოჰოლიზმი, მეუღლეებს შორის კონფლიქტი, რის უნებლიე მოწმეც ხდება ახალგაზრდა, მეუღლეთა განქორწინება და ოჯახის დანგრევა ქმნის ბავშვებისათვის აუტანელ საყოფაცხოვრებო პირობებს; ისინი მოკლებულნი არიან მშობლიურ სითბოს, ყურადღების და სიყვარულის გარეშე იზრდებიან, ხდებიან აგზნებულნი, რასაც საბოლოო ჯამში უკურეაქციით ისევ ალკოჰოლიზმამდე მივყავართ.

 ზოგჯერ ხდება პირიქითაც, ზედმეტი მზრუნველობა და ფუფუნება, ბავშვის განებივრება, ქცევებისა და მოქმედებებისადმი უკონტროლობა ხელს უწყობს ახალგაზრდის ხასიათის არასწორად ჩამოყალიბებას. თუ ასეთი ახალგაზრდა მოხვდა ისეთ წრეში, სადაც ალკოჰოლის მიღება ჩვეულებრივი მოვლენაა, ადვილად ხდება ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებელი.

 Aალკოჰოლიზმის წარმოშობაში განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ბიოლოგიურ, კერძოდ გენეტიკურ ფაქტორებს, რომლის დროსაც მემკვიდრეობით გადაეცემა ალკოჰოლისადმი მიდრეკილება.

 აღსანიშნავია რომ ალკოჰოლის ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები ეტანებიან - ყოველი მე-3-4 მამაკაცი, ქალებს ეს ჩვევა ნაკლებად ახასიათებთ (ყოველი მეათე), მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში მათ შორის საქართველოშიც, შეიმჩნევა ქალების მიერ ალკოჰოლის მოხმარების ზრდის ტენდენცია. ორივე სქესის წარმომადგენლებში ალკოჰოლის მოხმარება ასაკთან ერთად კლებულობს.

 ალკოჰოლის მოხმარების დონესა და მის მიერ გამოწვეული ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიულ და სოციალურ პრობლემებს შორის არსებობს პირდაპირპროპორციული კავშირი.

 დამტკიცებულია პირდაპირპროპორციული კავშირის არსებობა ალკოჰოლის მოხმარებას და ღვიძლის ციროზსა და კიბოს, პირის ღრუს, ხახის, ხორხისა და საყლაპავის კიბოს შორის. კიბოს განვითარების რისკი კიდევ უფრო იზრდება იმ პირობებში, რომლებიც ამავე დროს თამბაქოს მოხმარებასა და კუჭის, მსხვილი ნაწლავის და მკერდის კიბოს შორის გარკვეული კავშირის არსებობის შესახებ. გარდა ამისა, ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია ინსულტის, ჰიპერტენზიის და კარდიომიოპათიის გაზრდილ რისკთან.

 გარდა ამისა, ალკოჰოლი აზიანებს კუჭ-ნაწლავის, ნერვულ და რეპროდუქციულ სისტემებს.

 ცნობილია, რომ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა 50%-ზე მეტი ტუბერკულოზით არის დაავადებული, რაც აიხსნება ადამიანის იმუნურ სისტემაზე ალკოჰოლის მავნე ზეგავლენით.

 დღეს ალკოჰოლიზმი სოციალურ უბედურებად და მედიცინის ერთ-ერთ მძიმე პრობლემად გადაიქცა, იგი დიდ მატერიალურ და მორალურ ზარალს აყენებს კაცობრიობას.

 ალკოჰოლიზმი ახალგაზრდა ასაკში იწვევს დაავადებათა გაახალზრდავებას- კარდიოვასკულარულ დაავადებებს, ღვიძლის ციროზს, ღვიძლის კიბოს. სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებებს, რომელთაგან სოციალური თვალსაზრისით ალკოჰოლიზმის უმძიმესი შედეგია ალკოჰოლური დეგრადაცია, რომელიც ვითარდება თანდათან და ახასიათებს ემოციური გაუხეშება, ოჯახური და საზოგადოებრივი დამოკიდებულებების გასადავება-დაკარგვა, კრიტიკის დაქვეითება, ინიციატივის და შრომისუნარიანობის ზოგადი დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება და სხვა, ცხადია ასეთი პიროვნება თავისთავად ასოციალური ხდება და ზიანს აყენებს საკუთარ თავს, ოჯახს და ბოლოს ქვეყანას.

 გარდა ამისა, ზემოაღნიშნული დაავადებების მკურნალობაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ოჯახისა და სახელმწიფოს ბიუჯეტს. Aაღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული დაავადებები ხშირ შემთხვევაში ნაადრევი სიკვდილის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენენ (დადგენილია, რომ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15-20 წლით ნაკლებია), რაც თავის მხრივ სხვა დემოგრაფიულ პრობლემებთან ერთად იწვევს მოსახლეობის რეგრესული ტიპის ჩამოყალიბებას.

 ალკოჰოლიზმი ასევე უარყოფით გავლენას ახდენს შობადობაზე. სხვადასხვა ავტორთა მონაცემების თანახმად ალკოჰოლიზმით დაავადებულთა 70-80% -ს აღენიშნება რეპროდუქციული სისტემის ესა თუ ის დარღვევები, პოტენციის დაქვეითება. შორსწასულ შემთხვევაში არც თუ ისე იშვიათია სრული იმპოტენციის ჩამოყალიბება.

 ალკოჰოლიზმი მავნე ზეგავლენას ახდენს შთამომავლობაზე. ცნობილია ალკოჰოლური ემბრიოპათია_მსმელი დედების მიერ გაჩენილ ბავშვთა პათოლოგია, რომლის დროსაც გამოხატულია არე პოსტნატალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენით და ა.შ.

 დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების სისტემური მოხმარება ხშირად განაპირობებს: ოჯახების ნგრევას.

 ბავშვებისადმი უხეშ მოპყრობას, სამსახურში პრობლემებს, ძალადობას და კრიმინალურ აქტებს.

 თვითმკვლელობებს და ტრავმატიზმს და უბედურ შემთხვევებს. ინგლისში ალკოჰოლის მიღების გამო დამხრჩვალთა რიცხვი შეადგენს 14%, შოტლანდიაში_24%. Fფინელი ექსპერტები თვლიან, რომ მათ ქვეყანაში ყოველი მე_3 დამხრჩვალი მთვრალი იყო.

 სტატისტიკური მონაცემების თანახმად ტრავმატიზმს სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ, სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა შორის მე_3 ადგილი უკავია. სიმთვრალისაგან გამოწვეული ყველა სახის არასაწარმოო ტრავმებს შორის ამრიგად ალკოჰოლის მოხმარება, ისევე როგორც ჯამრთელობისათვის მავნე რისკ-ფაქტორები წარმოადგენს საქართველოსათვის მეტად აქტუალურ პრობლემებს, რადგან მისი მოხმარება უარყოფითად აისახება ახალგაზრდა ჯგუფის ჯამრთელობაზე და იწვევს სოციალურ-ეკონომიკურ, მედიკო_ბიოლოგიურ და დემოგრაფიულ პრობლემებს.

გინეკოლოგიური პათოლოგიები და აბორტები
03/21/2010
0 Comment(s)


გინეკოლოგიური ავადობის ანალიზი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ვინაიდან სწორედ დაავადებათა ეს ჯგუფი არა მარტო დომინირებს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა კლასში, არამედ მასზე მოდის არსებითი წილი, ქალის სასქესო ორგანოთა ახალწარმონაქმნების განვითარებაში. ამასთანავე, მთელ რიგ შემთხვევებში ქალის სასქესო სფეროს პათოლოგია დაკავშირებულია ორსულობის, მშობიარობის, და მშობიარობის შემდგომი პერიოდის სხვადასხვა გართულებებთან. სამწუხაროდ, უკვე ბავშვთა ასაკის ავადობის სტრუქტურაში აღინიშნება მთელი რიგი გინეკოლოგიური დაავადებები, რაც გამოვლენილ იქნა პროფილაქტიკური გასინჯვების შედეგად. არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედება პერინატალურ პერიოდში, მემკვიდრეობითი მიდრეკილება, არარაციონალური დღის რეჟიმი, გოგონების ზედმეტი დატვირთვა წინა პუბერტატულ და პუბერტატულ პერიოდებში-აი, ის მიზეზი, რასაც მივყავართ გინეკოლოგიური პათოლოგიების მანიფესტაციისაკენ, რომელიც იზრდება გოგონას ზრდასთან ერთად. ჰოსპიტალიზირებული გინეკოლოგიური ავადობის მიხედვით პირველ ადგილზეა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, მეორე ადგილზე- კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მესამე ადგილზე- მენსტრუალური ციკლის დარღვევით გამოწვეული ავადობები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მცირე მენჯის ორგანოების ანთებით პროცესთან დაკავშირებული დაავადებები ქალებში პათოლოგიების საერთო რიცხვის 37%-ს შეადგენს. გინეკოლოგიაში ანთებითი პროცესების რამდენიმე მიზეზი არსებობს: 83%-ს მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები შეადგენენ, 12%-ს ჰიპოთერმიით, 5%-ს საშვილოსნოს შიდა ინფექციები; სადღეისოდ, უახლესი აპარატურისა და მეთოდიკის წყალობით დიაგნოსტიკა სირთულეს აღარ წარმოადგენს. პრობლემა თვითონ ქალის დამიკიდებულებაა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ (არანაკლებ აქტუალურია სოციალური მხარე – უსახსრობა და ძვირადღირებული გამოკვლევები) ქრონიკული ანთებითი პროცესები, მათ შორის, ენდომეტრიტი, ადნექსიტი, პარამეტრიტი და სხვა საბოლოოდ უნაყოფობის ძირითადი მიზეზი ხდება, რასაც ისევ მივყავართ დემოგრაფიულ პრობლემამდე. ამ გზით გამოწვეული უშვილობა საერთო რიცხვის 67%-ს შეადგენს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ამგვარი პათოლოგიების უმთავრესი პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ყოველმა ქალმა წლის განმავლობაში 1-2 ჯერ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური გამოკვლევა.
ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების და გინეკოლოგიური ავადობების შემცირების მიზნით შობადობის დონის ზრდის მისაღწევად პირველხარისხოვანი ამოცანაა აბორტების პროფილაქტიკა, მათი რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა. სამწუხაროდ, Dდღესაც ჩვენში ოჯახის დაგეგმარების ყველაზე გავრცელებული საშუალება აბორტია. თუმცა აბორტების რეგისტრირებული რაოდენობა არ ასახავს რეალურ სურათს. უკანასკნელ წლებში საქართველოში აღირიცხება 20000-მდე ხელოვნური აბორტი. ექსპერტული შეფასებით კი აბორტების რაოდენობა 120000-ს აჭარბებს, რასაც ადასტურებს აბორტის გართულებით გარდაცვლილ ქალთა რაოდენობაც. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 1997 წელს აბორტის გართულებით გარდაიცვალა 8 ქალი, 1998 წელს-4, 1999წელს-3 და 2000წელს –3 ქალი. ჯერ კიდევ გვხვდება კრიმინალური აბორტებით გარდაცვალების შემთხვევები. აბორტების მატება აღინიშნება 14-18 წლის გოგონებში, რაც თავისთავად სოციალური უბედურებაა, განსაკუთრებით საგანგაშოა პირველი ორსულობის დროს წარმოებული აბორტის ოპერაციის რაოდენობა, რომელმაც 2000 წელს 100-ს გადააჭარბა.
აბორტების გადანაწილება უმთავრესად 25-29 წლის და 30-34 წლის ასაკობრივ ჯგუფებშია თავმოყრილი. 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში -192 ხელოვნური აბორტი ყოველ 1000ქალზე. 30-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში 180 ხელოვნური აბორტი ყოველ 1000 ქალზე.
სტატისტიკა ნათლად ასახავს ვითარებას, რომელსაც უბრალოდ არასასურველს ვერ ვუწოდებთ. დღეს ამ თემაზე ბევრს საუბრობენ, კიდევ უფრო ბევრს კამათობენ, მაგრამ მიუხედავად პოზიციათა სხვადასხვაობისა, ოპონენტები ერთმნიშვნელოვნად მიდიან კონსენსუსამდე იმ საკითხში, რომ აბორტს უდიდესი ზიანი მოაქვს ქალის ორგანიზმისათვის და აბორტების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში უნდა შემცირდეს, ეს ხელს შეუწყობს აგრეთვე დემოგრაფიული კრიზისის დაძლევას.
აბორტების სოციალურ-ჰიგიენური ასპექტები ფართოდაა გაშუქებული სამეცნიერო ლიტერატურაში, ავტორთა უმრავლესობა თვლის, რომ ოპერატიული ჩარევის არცერთი სახე არ არის ისეთი საზიანო ქალის ორგანიზმისათვის, როგორც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაცია-იზრდება სასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებების რისკი, მენსტრუალურ-ოკაროული ციკლის დარღვევები. აბორტის შემდგომი გართულებების საერთო რიცხვი 30%-ს აღწევს. პრაქტიკულად ყველა მკვლევარი აღნიშნავს აბორტის უარყოფით გავლენას რეპროდუქციულ სისტემაზე, ხელს უწყობს რა შემდგომში თვითნებურ აბორტებს, საშვილოსნოს გარე ორსულობას, უნაყოფობას. მეორადი უნაყოფობის 50%-ზე მეტი განპირობებულია აბორტისშემდგომი გართულებებით. უკანასკნელ წლებში ჩვენში ფართო გავრცელება ჰპოვა ვაკუუმ-ასპირაციამ (მინი-აბორტი), როგორიც ორსულობის შეწყვეტის ერთ-ერთმა გზამ. მართალია, ამ მანიპულაციის შედეგად ტრავმატიზმის საშიშროება ნაკლებია, მაგრამ სხვა შემთხვევებში მას იგივე გართულებები ახლავს თან რაც კლასიკურ აბორტს.
აბორტი შეიძლება გახდეს მიზეზი ემოციონალური სტრესისა, ქალებს რომლებიც ხშირად მიმართავენ აბორტებს უვითარდებათ რთული ფორმის ნევროზები. ექიმ ფსიქიატრთა ამერიკულმა ასოციაციამ შეიტანა ფსიქიკური დაავადებების კლასიფიკაციაში პოსტაბორტული სინდრომი. აბორტის შემდგომი განცდების ფონზე ზოგიერთ ქალებში აღინიშნება ფსიქიკის დეპრესიაში ან აგრესიულ მდგომარეობაში მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები უფრო ხშირად ვითარდება ნორჩ და მგრძნობიარე ქალებში, რომლებიც უკვე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მიიღებენ რაღაც ინფორმაციას ემბრიონის განვითარების ეტაპების შესახებ. დანაშაულის გრძნობას ისინი მიჰყავს ფსიქიკური მოშლილობის კრიტიკულ ზღვრამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში – თვითმკვლელობამდე.
აბორტი უარყოფითად მოქმედებს შინაგანი სეკრეციის ყველა ჯირკვლის ფუნქციაზე და აუარესებს რა ქალის ჯანმრთელობას, იყალიბებს ექსტრაგენიტალურ ქრონიკულ პათოლოგიას, ხელს უწყობს ონკოდაავადებების აღმოცენებას და განვითარებას: ონკოლოგიურ რისკზე რეპროდუქციული ქცევის გავლენის შესწავლამ ცხადყო რომ აბორტების სიხშირე პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია სარზევე ჯირკვლისა და სასვილოსნოს ყელის კიბოსთან. კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებენ ქალთა ჯანმრთელობაზე და კერძოდ, ავთვისებიანი ახალწარმონაქნების ფორმირებაზე კრიმინალური აბორტები, რომელთა შემდგომი გართულებათა სიხშირე 40-ჯერ მეტია. აბორტების რაოდენობის მატებას ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარებიტხსნიან. თავის მხვრივ აბორტი სოციალური დანაშაულია. იგი დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია დედის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ამიტომ აბორტების პროფილაქტიკა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომელიც დგას მეან-გინეკოლოგების წინაშე, ვინაიდან აბორტების სიხშირის შემცირება არამარტო ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების პირობაა, არამედ მომავალი თაობის გაჯანსაღებასაც უწყობს ხელს.
ამრიგად აბორტი, მისი შედეგები და გავლენა დემოგრაფიული პროცესების დინამიკაზე, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ქალთა ჯანმრთელობაზე და მთლიანობაში მასახლეობის ჯანმრთელობაზე წარმოადგენს უმნიშველოვანეს სოციალურ პრობლემას, რომლის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მიდგომით. აბორტების პროფილაქტიკა არა მარტო მედიკოსების ზრუნვის საგანია, არამედ იგი სახელმწიფოს და საზოგადოების ზრუნვის საგანიც არის მთლიანობაში, ამ ამოცანის გადაჭრა მოიცავს საზოგადოებრივი და სანიტარული - ჰიგიენური კულტურის დონის ზრდას, შიდა ოჯახური ურთიერთობების კულტურის სრულყოფას, სასურველი რაოდენობის შვილების აღზრდისათვის აუცილებელი და საჭირო პირობების შექმნას.

მშობელი და შვილი – თამბაქოს მავნებლობაზე

No comments:

Post a Comment